საქართველოში AI-ს დანერგვის მთავარი პრობლემა არასაკმარისი ცოდნაა - კვლევა

© Depositphotos.com / Sdecoretხელოვნური ინტელექტის კონცეფცია
ხელოვნური ინტელექტის კონცეფცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მსურველთა 78% სპეციალიზებული ტრენინგების საჭიროებას ასახელებს, ხოლო 51% კონსულტაციებისა და მენტორინგის მიღებით არის დაინტერესებული.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოავლინა, რომ საქართველოს ბიზნეს სექტორში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის მიუხედავად, პრობლემები მისი გამოყენების დონეზე წარმოიქმნება, ნათქვამია CIPG-ის განცხადებაში.
ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესში არის თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები იყენებენ რუტინის ავტომატიზაციისთვის, ხარჯების შესამცირებლად და მოგების გასაზრდელად.
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორში AI-ის გამოყენება უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მისი გამოყენების დონე და მიმართულებები განსხვავებულია. მონაცემების მიხედვით, AI-ის ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ცოდნისა და შესაბამისი პრაქტიკული უნარების ნაკლებობა რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 62% AI ინსტრუმენტებს საკუთარ საქმიანობაში იყენებს. AI-ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია კონტენტის შექმნა, მარკეტინგი და ინფორმაციის მოძიება.
კვლევის მიხედვით, AI-ის გამოყენებისა და დანერგვის მთავარ ბარიერად ცოდნის ნაკლებობას გამოკითხულთა 72% ასახელებს. ასევე, დასახელდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფინანსური რესურსების შეზღუდულობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 78% სპეციალიზებული ტრენინგების საჭიროებას ასახელებს, ხოლო 51% კონსულტაციებისა და მენტორინგის მიღებით არის დაინტერესებული.
ამასთან, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ მომდევნო 1–2 წლის განმავლობაში AI მათი სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტ ფაქტორად ან/და აუცილებელ ინსტრუმენტად იქცევა.
„კვლევის შედეგებისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად გეგმავს და ახორციელებს შესაბამის საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და მხარდამჭერ ღონისძიებებს AI მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI) ქვეყნის უდიდესი საჯარო სამართლის ბიზნეს კავშირი, რომელიც აერთიანებს კომპანიებს, ასოციაციებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს მეწარმეობის მხარდასაჭერად, კერძო სექტორის ინტერესების დასაცავად და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ყველა ახალი ამბავი
0