საქართველო და უზბეკეთი სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრულ ნებართვებზე გადავიდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliტრაილერები საქართველო-თურქეთის საზღვარზე
ტრაილერები საქართველო-თურქეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2026
გამოწერა
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს.
თბილისი,23 აგვისტო — Sputnik. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.
ახალი სისტემა გადამზიდავებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ განაცხადა, ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა“, - განაცხადა მიქაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.
შუა დერეფანი
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0