საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა - რა უნდა იცოდეს მონადირემ

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2026
გამოწერა
ნადირობისას პირმა თან უნდა იქონიოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეს, 22 აგვისტოს გაიხსნა და მომავალი წლის 1 მარტს დასრულდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნადირობამდე პირმა უნდა გადაიხადოს "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი).
მოსაკრებლის გადახდა საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის:
ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში
სახელმწიფო ნაკრძალებში
ეროვნულ პარკებში
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე
სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან ზონებში
ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სახის სანადირო იარაღით: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივის სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0