საქართველოში მეწარმეები უპროცენტო მიკროსესხების აღებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerაწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ტრადიციულად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოში განაახლდა მიკრობიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა მეწარმეს შეუძლია 70.000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მთავრობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო. პროგრამის ამოქმედებიდან 1400-ზე მეტმა ბიზნესმენმა ისარგებლა სამრეწველო კომპონენტით და საკრედიტო-საგარანტიო სქემით, რომელიც ითვალისწინებს სესხის პროცენტისა და საბანკო უზრუნველყოფის სუბსიდირებას.
„ამ ეტაპზე ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70 ათას ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ექნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს.
როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.
ახალი პირობების მიხედვით, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70.000-დან 150.000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0