რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია: მერია განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerმელიქ-აზარიანცის სახლში აღმოჩენილი უნიკალური ნაგებობები
მელიქ-აზარიანცის სახლში აღმოჩენილი უნიკალური ნაგებობები - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, აცხადებენ მერიაში.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. თუმცა რეკონსტრუქცია ისტორიულ სენსაციად გადაიქცა - ასფალტის საფარის ქვეშ დიდი, მრავალდონიანი კატაკომბები აღმოაჩინეს - ეს ვაჭარ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლია.
„დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, აცხადებენ მერიაში.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა 100 დღეს შეადგენს. ვადების სიმცირის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა განხორციელდეს.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კომპანია Georgian Water and Power-ი (GWP) 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს, რაშიც 12,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს „თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროექტს 7,8 მლნ ლარს ამატებს, რაც ტროტუარების რეაბილიტაციისთვის ცალკე გამოცხადებულ ორ ტენდერს მოიცავს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
მელიქ-აზარიანცის სახლი
მელიქ-აზარიანცის სახლის შენობა 1912-1915 წლებში რთულ გეოლოგიურ რელიეფზე - დატბორვადი ხევის ადგილას აშენდა. გიგანტური შენობის საძირკვლის გასამაგრებლად მშენებლებმა კარკასი მიწისქვეშ ღრმად ჩაიტანეს. სახლს აქვს ოთხამდე სართული, რომელიც გზის სავალი ნაწილის ქვეშ გადის.
გრუნტის წყლებისგან დასაცავად შენობის ფუნდამენტი ტყვიის კარკასში მოათავსეს. ადრე აქ მაღაზიების საწყობები იყო, შემდეგ - უძრაობის ხანა და ე.წ. ნაგავსაყრელი. ვიდრე მიწისქვეშა სამუშაოები ტარდება, ზედა სართული სხვა საიდუმლოს გვახსენებს. სახლის ზედა იარუსის ფანჯრები გაყინული ცრემლის უნიკალური ფორმითაა შესრულებული - ასე უკვდავყო უმდიდრესმა ვაჭარმა და მეცენატმა ნაადრევად გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნა.
ტრაგიკული აღმოჩნდა თავად მელიქ-აზარიანცის ბედიც. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მას მთელი ქონება ჩამოართვა. მას თავისსავე სასახლის სარდაფში პატარა ზომის ოთახი გამოუყვეს, სადაც სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა. 110 წლის შემდეგ კი ამ საიდუმლოებებით მოცულმა სახლმა კვლავ აალაპარაკა საზოგადოება.
ყველა ახალი ამბავი
0