მაჭავარიანი: ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ ბოდიში უნდა მოიხადონ და პოლიტიკა დატოვონ

© Courtesy od Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ და პოლიტიკა დატოვონ.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართული საზოგადოების უმრავლესობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამო და შემდეგ საბოლოოდ დატოვონ ქართული პოლიტიკა, დაწერა სოციალურ მედიაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა უცხოური დაფინანსება 20%-ს აღემატება, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები“. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კანონი მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების წყაროებისა და ოდენობის გამჟღავნებას. მთავრობის ოპონენტებმა კანონს „რუსული“ უწოდეს.
„აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და თქვენმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, აგრესიისთვის, ბულინგისთვის, რუსული იარლიყის მიწებებისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ. ბოდიშის შემდეგ კი აუცილებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეთ ქართულ პოლიტიკას!“ - დაწერა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პოლარიზაციის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
„ამ აქტორების მხრიდან ძალიან ბევრჯერ ჰქონია ადგილი გარე მითითებით ტყუილებზე დაფუძნებული ნარატივის გავრცელებას და ისეთი აღქმების შექმნის მცდელობას, თითქოს თეთრი შავია, რაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მიუღია, რის გამოც დამუნათების, ზიზღის, ბულინგისა და შეურაცხყოფის კარგად ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლი მყისიერად გამხდარა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს კამპანია დაიწყო მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო.
კამპანიის ხელშეწყობაში მაჭავარიანმა აშშ-ის ყოფილი ელჩიც, კელი დეგნანი დაადანაშაულა.
„კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველა პარტიამ და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა „აფერისტული“ კამპანია სახელწოდებით „რუსული კანონი“ მოზღვავებული ენერგიით, დაუნდობელი აგრესიითა და უკიდურესი ზიზღით აწარმოეს“, - დაწერა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებიც კითხვის სვამდნენ, თუ რატომ იყო NGO-ების ფინანსების გასაჯაროება რუსული, უამრავ შეურაცხყოფას იღებდნენ.
„ყველაზე უფრო ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ მოქალაქეებს კანონის წაკითხვას და ამ კანონის შინაარსში შესვლას“, - დაწერა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი გამოდიოდა აქციებზე რათა გადაეღოთ ფოტო რუსთაველის გამზირზე და პრორუსულობის ბრალდებები აეცილებინათ.
„ძალიან ბევრი ადამიანი აქციაზე მხოლოდ „სელფის“ გადასაღებად გადიოდა, რომ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან „რუსეთუმეს“ იარლიყის მიწებება, დამცირება და შეურაცხყოფა აერიდებინა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვისას ბევრს გაგახსენდებათ საკუთარ თავზე გამოცდილი ეს ფსიქოლოგიური ტერორი“, - განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატმა ასევე შეახსენა საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის პროგნოზები, რომლებიც, მისი თქმით, კანონის მიღებამდე სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა: რომ საქართველო „ჩელიაბინსკში გაიღვიძებდა“, ოპოზიციური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აიკრძალებოდა, ემიგრანტები ვერ შეძლებდნენ ოჯახებისთვის თანხის გადმორიცხვას, სტუდენტები დაფინანსებას დაკარგავდნენ, ფერმერები კი - გრანტებს.
„გავიდა 2 წელი.
არ გაგვღვიძებია “ჩელიაბინსკში”.
არ აკრძალულა ოპოზიციური მედიასაშუალებები.
არ აკრძალულა NGO ორგანიზაციები.
ემიგრანტებს არ შექმნიათ გადმორიცხვის პრობლემა.
სტუდენტებს არ შექმნიათ დაფინანსებით უცხოეთში სწავლის პრობლემა.
ფერმერები იღებენ გრანტებს და აგრძელებენ მიწაზე მუშაობას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ასევე განაცხადა, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ USAID და NED კრიმინალებად გამოაცხადა, ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი არაჯანსაღ პროცესებს, ქაოსსა და რევოლუციებს აფინანსებდნენ და დახურა ორივე ორგანიზაცია.
„ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები“, - წერს მაჭავარიანი.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე მიდიოდა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის კვალდაკვალ შეაჩერა NED-ის დაფინანსება, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადანაშაულებდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში.
ყველა ახალი ამბავი
0