ინვესტიციების ზრდას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია უწყობს ხელს - ცინცაძე

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2025 წელს 19%-ით გაიზარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტივიზაციის ფონზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატმა“ დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს, რომელთა მოცულობა 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 19,3%-ით გაიზარდა და 1,9 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, აქტიურ ფაზაშია გადასული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყანაში დამატებით ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ნიშნავს.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რათა უზრუნველვყოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების კუთხით მაღალი აქტივობა ქვეყანაში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე უნდა შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება.
2025 წელს ინვესტიციების ზრდის მთავარი მიზეზი სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების ზრდა წარმოადგენს.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს სააქციო კაპიტალი 685,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 25,9%-ით მეტია. გარდა ამისა, ამ პერიოდში რეინვესტირება 16,4%-ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები 2025 წელს იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება, ასევე ვაჭრობა.
ყველა ახალი ამბავი
0