რა კეთდება იმერეთის წაბლნარში სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად

© FB / Ministry of Environment Protection and Agriculture of GeorgiaКора каштана, пострадавшая от рака
Кора каштана, пострадавшая от рака - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
წაბლის ქერქის კიბო საქართველოს ყველა რეგიონშია დაფიქსირებული, თუმცა დაავადება განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში გვხვდება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარში სოკოვანი დაავადების - წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.
მათივე ცნობით, წაბლის ქერქის კიბო საქართველოს ყველა რეგიონშია დაფიქსირებული, თუმცა დაავადება განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სანიტარიულ ჭრებთან ერთად, დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა სოფელ ბოსლევში, სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. აღნიშნული მეთოდი წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე აპრობირებულ მიდგომას წარმოადგენს.
"საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ხმობა გამოწვეულია წაბლის ქერქის კიბოს სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით, რასაც ახლო წარსულში დაემატა ახალი მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე. დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება", - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ჰიპოვირულენტური შტამები წაბლნარ კორომებში წინასწარ მომზადებულ საცდელ ფართობებზეა შეტანილი. პირველადი შეფასებით, შეიმჩნევა დადებითი დინამიკა, თუმცა მეთოდის ეფექტიანობის საბოლოო შეფასებისთვის საჭიროა პროცესზე ხანგრძლივი და მუდმივი დაკვირვება.
წაბლის კორომებისთვის გამოწვევას, დაავადების გარდა, 2022 წლიდან ახალი ინვაზიური მავნებელი მწერი - წაბლის მეგალე წარმოადგენს. ვინაიდან აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ მეცნიერულად დასაბუთებული, სწრაფი და ეფექტიანი ბრძოლის მეთოდი დღეისათვის ცნობილი არ არის, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით მსგავსი გამოწვევისა და გამოცდილების მქონე ქვეყნებთან, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკასთან.
ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარი კორომების მდგომარეობას მუდმივად აკვირდება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას დაავადებისა და ინვაზიური მავნებლის გავრცელების პრევენციისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის მიზნით აგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0