ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ ცოცხალი ძალა: პაპავა თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე

© Courtesy of Tbilisi City Hall თბილისის მერიის გაწმენდითი სამუშაოები
თბილისის მერიის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
პაპავას თქმით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, თბილისის ქუჩების მორეცხვაც დაიწყება.
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. გამთენიისას დავასრულეთ მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით, ამ ეტაპისთვის მუშაობს მხოლოდ ცოცხალი ძალა, განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი პაპავამ.
14 აგვისტოს საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს - რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანი დააზარალა, დატბორა სახლების ნაწილი და სარდაფები, ქუჩები და მეტროს სადგურები. ჩამოიშალა მიწის მასა და ქვა-ღორღი.
პაპავას განცხადებით, უკვე აღდგენილია დაზიანებული სანიაღვრე ქსელების ნაწილი. ამასთან, უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან დედაქალაქის ქუჩების წმენდა ამ დრომდე გრძელდება.
„გამთენიისას დავასრულეთ მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით. მთელი ქალაქის მასშტაბით, 10-ვე რაიონში წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოფხვრილია. თუმცა, დასუფთავება გრძელდება მხოლოდ ცოცხალი ძალის საშუალებით", - განაცხადა პაპავამ.
მისი თქმით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, თბილისის ქუჩების მორეცხვაც დაიწყება.
„პრევენციის მიზნით მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ შემოვლებს, რათა დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერად მოხდეს რეაგირება. თითქმის ყველა დაზიანებულ მონაკვეთზე დაგებულია ასფალტის საფარი და ამ მიმართულებით მუშაობა დღეს ღამე სრულად დასრულდება," - განაცხადა პაპავამ.
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი რთული ვითარების აღმოსაფხვრელად მობილიზებული იყვნენ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ყველა ახალი ამბავი
0