ძლიერი წვიმა დედაქალაქში: თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში სერიოზული პრობლემები შეიქმნა
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისში მოსულ ძლიერ წვიმასთან და შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.
„საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა“, - აცხადებენ მერიაში.
უწყების განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები, "თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
როგორც მერიაში ირწმუნებიან, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222.
დედაქალაქში წვიმა დილამდე გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ყველა ახალი ამბავი
0