საქართველოს პირველი პირები ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© Photo: Courtesy of Badri Vadachkoria
გამოწერა
საქართველოს ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. „ხედვა, რომელმაც შექმნა ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერება“ - ასე შეაფასეს საქართველოს პირველმა პირებმა გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას შემოქმედება და სამძიმარი გამოუცხადეს მის ოჯახს და კოლეგებს მისი გარდაცვალების გამო.
საქართველოს ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ობიექტივმა ქვეყნის უახლესი ისტორიის პრაქტიკულად ყველა მოვლენა აღბეჭდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმარში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ბადრი ვადაჭკორიამ ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში წარუშლელი კვალი დატოვა.
„მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სამძიმარი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გამოთქვა.
„ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ბადრი ვადაჭკორია
© Photo: Courtesy of Badri Vadachkoria
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ვადაჭკორიას ქართული ჟურნალისტიკის მემატიანე უწოდა.
„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად; 1998–2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; გაზეთების – „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში.
იგი არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ბადრი ვადაჭკორია არის 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორი.
ჟურნალისტიკაში, კულტურასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის ბადრი ვადაჭკორიას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ქვეყნის მთავარი ჟურნალისტური ჯილდო „ოქროს ფრთა“ და თბილისელი საპატიო მოქალაქის წოდება (2022).

