ტრაგედია გომისმთაზე: მძღოლს ბრალი წარედეგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2026
გამოწერა
გამოძიების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს (მძღოლს) ბრალდება წარუდგინა.
12 აგვისტოს გვიან საღამოს გომისმთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გომისმთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც გზიდან ხევში გადავარდა. ოთხივე დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ავარიამდე მიკროავტობუსიდან გადახტომა მოასწრო. ის დაშავდა და კლინიკაში იმყოფება.
გამოძიების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლს ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე მოძრაობისას, მიკროავტობუსის მძღოლმა რომელსაც არ ქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია და რომელსაც მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს. შედეგად ავტომობილის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო მიკროავტობუსის 16-მა მგზავრმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები.
სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0