ათეულობით მლნ დოლარის უნებართვო კრიპტოოპერაციების ბრალდებით პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება  - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.
„აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა - 90 ათასი დოლარი, 300 ევრო და 80 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0