სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
ბანკის ძირითადი ფუნქცია საქართველოში არსებული მცენარეთა ენდემური, იშვიათი და ტრადიციული ჯიშების თესლის გენეტიკური მასალის დაცვა და გრძელვადიანი შენახვაა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვაც, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა, მცენარეთა ნიმუშების კონსერვაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
უწყების შეფასებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.
მარცვლოვანი და სხვა სამიზნე კულტურების მოძიება და გენბანკის შევსება ხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით.
ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა
ბაზა და ახალი გენეტიკური ბანკის სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში.
სანამ ახალი გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყებოდა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა უკვე წარმოადგენდა ქვეყნის უმდიდრეს ცოცხალ კოლექციას, რომელთა შორისაა:
ვაზის კოლექცია - დაცულია ქართული ვაზის 470 და უცხოური წარმოშობის 350-ზე მეტი ჯიში.
ხეხილოვანი კულტურები - აერთიანებს 400-ზე მეტ თესლოვან, კურკოვან, კაკლოვან და კენკროვან კულტურას.
ტყის მცენარეები - მოიცავს 80-მდე სახეობის ტყის მცენარეთა ცოცხალ კოლექციასა და ქარსაცავ ზოლებს.
ყველა ახალი ამბავი
0