საქართველოს პირველმა პირებმა მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს

© Сourtesy of Georgian Governmentდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
ტრადიციულად, დიდგორობა 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას დიდგორობა მიულოცეს.
დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება - ძლევამოსილი ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა, როცა დავით აღმაშენებლის მებრძოლებმა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაამარცხეს.
„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება, 121 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა, ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც წლებით ადრე ჩაეყარა საფუძველი.
„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა.
„დავით აღმაშენებელმა დიდგორის გამარჯვებით საქართველო გააერთიანა. დიდება საქართველოსთვის დაცემულ გმირებს დიდება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დიდგორის წმინდა სახელი“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.
დიდგორის ბრძოლა
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში. საქართველოში ის ყველაზე დიად ბრძოლად მიიჩნევა სახელმწიფოს ისტორიაში.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაიქცა. სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე მოეწყო საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოადგინეს ტრადიციული სამოსი და კულინარია.
სტუმრებისთვის იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
ყველა ახალი ამბავი
0