საქართველოს პირველმა პირებმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსულ ბატალიონთან ბრძოლაში 17 ქართველი მებრძოლი გმირულად დაიღუპა
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები რუსულ ბატალიონთან ბრძოლაში ჩაებნენ, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია.
„კიდევ ერთხელ, დიდება და პატივი მათ სულებს და სახელებს. ვნახე შინდისის გმირების მშობლები და პირადად გადავუხადე მადლობა ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას ახსოვდეს მათი საქმე და გმირობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი გმირობის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდონ.
„დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული. ეს არის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შემოიყვანა ჯარი და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0