სტეფანწმინდა-გველეთის გზაზე საქართველოში ყველაზე გრძელი - ორკილომეტრიანი ხიდი აშენდება

© Courtesy of Roads Department of Georgiaგზის სამშენებლო სამუშაოები
გზის სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე საქართველოში ყველაზე გრძელი, ორკილომეტრიანი ხიდი აშენდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხიდი სტეფანწმინდასა და გველეთს დააკავშირებს.
„არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, 4,5 კმ-იანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას - პროექტის ღირებულება 215,5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
უწყების მონაცემებით, სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია, იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით — მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0