„ლაგუნა ვერეს“ აღდგენა და ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიების განაშენიანება: პროექტის დეტალები

© photo: Sputnik / Stringer„ლაგუნა ვერე"
„ლაგუნა ვერე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
პროექტი ითვალისწინებს მრავალი წლის განმავლობაში გამოუყენებელი ტერიტორიების აღდგენას და მათ ურბანულ გარემოში ინტეგრაციას.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. კომპანია DMG Group-მა ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიებისა და „ლაგუნა ვერეს“ შეძენის შესახებ გამოაცხადა. მასშტაბურ პროექტში ინვესტიციებმა, შესაძლოა, 1 მილიარდ ლარამდე შეადგინოს.
კომპანიის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს მრავალი წლის განმავლობაში გამოუყენებელი ტერიტორიების აღდგენას და მათ ურბანულ გარემოში ინტეგრაციას.
პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი გახდება „ლაგუნა ვერეს“ აღდგენა მისი ისტორიული ფუნქციის შენარჩუნებით. გარდა ამისა, დაგეგმილია დაახლოებით 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და მისი შევსება ახალი მწვანე ნარგავებით.
ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიაზე ახალი ობიექტების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების აშენება იგეგმება. პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას ცნობილი ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura შეიმუშავებს.
კომპანიის მონაცემებით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 1 მილიარდამდე ლარს შეადგენს. მშენებლობის ეტაპზე და შემდგომ პერიოდში DMG Group-ი გეგმავს 1 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას ადგილობრივი სპეციალისტებისთვის.
კომპანიაში განაცხადეს, რომ აცნობიერებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ტერიტორიის მიმართ და პროექტის დეტალების დაზუსტების შემდეგ მზად არიან, მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია მისი განხორციელების შესახებ.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. კომპლექსი 2014 წლის დასაწყისში დაიხურა.
ყველა ახალი ამბავი
0