ვის შეუძლია არ ატაროს სასკოლო ფორმა საქართველოში - მინისტრის პასუხი

სასკოლო ფორმა
სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, სასკოლო ფორმების ტარების გადაწყვეტილება ემსახურება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ბავშვს თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება.
„თუ მოსწავლე სკოლაში გამოცხადდება ფორმის გარეშე, სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად“, - განაცხადა მმიქანაძემ.
I–VI კლასების სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერა. 1,8 მილიონი კომპლექტის წარმოება 45,6 მილიონი ლარი დაჯდა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: 25 აგვისტოს, 15 ოქტომბერსა და 30 დეკემბერს.
მინისტრის თქმით, სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd-ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
„ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, SGS-CSTC Standards Technical Services Co., Ltd საერთაშორისო შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით - აღნიშნული კომპანია ფლობს 2500-ზე მეტ ლაბორატორიას მსოფლიოს 115 ქვეყანაში.
განათლების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით, ბაზრის კვლევა გამოცხადდა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry.
„ გამარჯვებულმა კომპანია Glory Textile Industry-მა სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მისი მოწოდების უზრუნველყოფა ჩინეთში მწარმოებელ ბრენდს შეუკვეთა, რომელიც სასკოლო ფორმებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი - სკოლის ფორმები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ისე ონლაინ-რეჟიმში, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები. რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 1-14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდება. რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელება.
სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის - ბიჭებისთვის პიჯაკისა და ორი წყვილი შარვლის, ხოლო გოგონებისთვის პიჯაკის, შარვლისა და ქვედაბოლოს - ფასი წინასწარ არის დადგენილი და 95 ლარი ეღირება. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, ხოლო ქურთუკის - 45 ლარი.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურების იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;.
განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
2026-2027 სასწავლო წელს სკოლებში ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული.
წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მინისტრის განმარტებით, მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასშიც მოუწევს ფორმის ჩაცმა.
ყველა ახალი ამბავი
0