ახალი ელჩი ლატვიაში : რა საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა პირებმა ანა აბულაძესთან

© AP Photo / David KeytonРига Латвия
Рига Латвия - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად ანა აბულაძე მიმდინარე წლის 26 ივნისს დაინიშნა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლატვიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ყურაშვილი 2025 წლის 7 აგვისტოს ირაკლი ყურაშვილი საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ყურაშვილს ლატვიაში ელჩის პოსტი 2023-2025 წლებში ეკავა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ლატვიასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანა აბულაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც - პრემიერთან შეხევდრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ანა აბულაძე მიმდინარე წლის 26 ივნისს დაინიშნა. მას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს - 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის იყო პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
2024 წლიდან იკავებდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას.
საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს. ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას. 2006 წელს საქართველოში გაიხსნა ლატვიის რესპუბლიკის საელჩო.
ყველა ახალი ამბავი
0