მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად პიოტრ იანს დაუპირისპირდება

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
მერაბ დვალიშვილს შანსი ეძლევა, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამარი 10 თვის შემდეგ დაიბრუნოს.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაუპირისპირდება, იუწყება პირველი არხი.
შეხვედრა აბუ-დაბიში, UFC 333-ის ეგიდით, 24 ოქტომბერს გაიმართება.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 2025 წლის 7 დეკემბერს კი მან ქამარი პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.
დვალიშვილსა და იანს შორის ეს რიგით მესამე ბრძოლა იქნება. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში კი იანმა რევანში აიღო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
პიოტრ იანი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ორგზის ჩემპიონია. რუსმა მებრძოლმა ჩემპიონობა პირველად 2020 წელს მოიპოვა, მოგვიანებით კი ქამარი დაკარგა - ტიტული მან გასული წლის დეკემბერში დაიბრუნა. მას 25 ბრძოლიდან 20 გამარჯვება აქვს.
რაც შეეხება დვალიშვილს, იგი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მებრძოლია. მას შერეულ ორთაბრძოლებში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
35 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ის რეკორდის დამყარება შეეძლო – მან გასულ წელს ქამარი სამჯერ დაიცვა და მეოთხე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში გასული წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
ყველა ახალი ამბავი
0