რამდენი ღვინის კომპანია შემოწმდა წლის დასაწყისიდან: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2026
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის შვიდ თვეში საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტომ ინსპექტირება 200-მდე კომპანიასა და ობიექტზე განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინსპექტირების აღნიშნული პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. სახელმწიფოს პრიორიტეტს ქართული ღვინის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს.
სააგენტოს ცნობით, გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
კერძოდ, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში 41 კომპანიაში განხორციელდა 181 საინსპექციო კონტროლი. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 4 კომპანიის 9 ნიმუშში.
საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით კი სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში დაფიქსირდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის მიერ ინსპექტირება 60 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში გამოვლინდა.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas 2021 წლის ივნისიდან ახორციელებენ.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
ყველა ახალი ამბავი
0