პარლამენტი ეროვნული ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას იწყებს

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2026
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, ფასეულობებზე თავდასხმა საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, რის გამოც სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს დამცავი ნორმები.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული სიწმინდეების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე წარადგენს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
30 ივლისს საქართველოში ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მოტივით ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. როგორც საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მათი მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს.
7 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში პირველი შეხვედრა გამართეს - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საინიციატივო ჯგუფს პირობა მისცა, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვის მიზნით კანონი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდება.
დეპუტატის თქმით, ღირებულებების შეურაცხყოფის არაერთი ფაქტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ბაზაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მუშაობა უკვე დაიწყო.
„მნიშვნელოვანია, დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და ის სიწმინდეები, რაც ჩვენს ისტორიას, აწმყოს ქმნის და არის მომავლის გარანტია, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდიმარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მოამზადებს, რომელიც წარდგენილი იქნება საშემოდგომო სესიის დასაწყისში", – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, დადგენილი იქნება ის ზღვარი, რომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის.
„ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ. განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ", - განაცხადა გორდულაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მათი თქმით, ფასეულობებზე თავდასხმა საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, რის გამოც სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს დამცავი ნორმები.
27 ივლისს „ქართული ფასეულობების, იდეალებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ქვეყანაში კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. როგორც მისმა დამფუძნებელმა, MMA-ის (შერეული ორთაბრძოლების) მებრძოლმა გიორგი ქართველაშვილმა აღნიშნა, მოძრაობის წევრები მზად არიან, „ისტორია, სიწმინდეები, წინაპრები და რელიგია“ დაიცვან, „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.
ახალი მოძრაობის შექმნა გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მსგავსმა ინიციატივებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0