საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები 21,7 ათას სტუდენტს მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
ქვეყანაში 64 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომელთაგან 19 სახელმწიფო, ხოლო 45 – კერძო სასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა (64%) თბილისში მდებარეობს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 2026/2027 სასწავლო წლისთვის უფასო სწავლებაზე სტუდენტთა მისაღები ადგილების საბოლოო რაოდენობა – 21 709 დაამტკიცა.
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ - მომდევნო წლებში სწავლის საფასური დამოკიდებული იქნება სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე.
ყველაზე დიდი რაოდენობით — 200-200 სტუდენტის მიღებას შემდეგი ფაკულტეტები გეგმავენ: კომპიუტერული მეცნიერებები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეანობა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) და აგრონომია (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
150-150 სტუდენტს მიიღებენ ფსიქოლოგიის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კომპიუტერული მეცნიერებებისა და მენეჯმენტის ინგლისურენოვანი (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი), სამართლისა და მედიცინის (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასევე კომპიუტერული მეცნიერებებისა და მედიცინის (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფაკულტეტები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 125 სტუდენტს მიიღებს. მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 18 ფაკულტეტი 100-100 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რუსულენოვანი ფაკულტეტების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. ამასთან, რუსულ ენაზე სწავლის მსურველებისთვის სულ 115 ადგილია ხელმისაწვდომი 8 ფაკულტეტზე — ესენია რუსული ფილოლოგია, ჟურნალისტიკა, კავკასიოლოგია, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები, ინფორმატიკა, მედიცინა და სტომატოლოგია.
ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, თბილისში მდებარეობს. ამ დროისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა საბოლოო რაოდენობა აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
ქვეყანაში 64 უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომელთაგან 19 სახელმწიფო, ხოლო 45 – კერძო სასწავლებელია. უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა (64%) თბილისში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0