ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტის პროექტის ახალი მოდელი მონაწილეთა წრეს გააფართოებს

© photo: Anaklia Port / FBანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მართვის ახალი მოდელი გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასთან ერთად ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში შენარჩუნებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
„ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შეიცვალა ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელი, რითაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ პორტი იყოს, რა თქმა უნდა, ქართული მფლობელობის და მეორე მხრივ, არსებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პორტის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე დაღრმავებითი სამუშაოები არის დაწყებული", - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0