გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო - დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების, დაცვის მხარემ კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
საგამოძიებო უწყებამ ბერუაშვილი და იმნაძე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 5 აგვისტოს დააკავა.
6 აგვისტოს პროკურატურამ ნია იმნაძეს ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარუდგინა, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ანასტასია ბერუაშვილს კი ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას, ნია იმნაძის გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.
ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის სამი გოგონა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ავალიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, გიოგრგი მალანია დააკავეს. თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
ყველა ახალი ამბავი
0