უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის ათასზე მეტი ფაქტი.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ეხება ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 45 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, 2026 წლის ივლისში დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 480 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 27 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, 20 – იმერეთში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15 – კახეთში, 9 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 6 – ქვემო ქართლში, 5 – მცხეთა-მთიანეთში, 3 – გურიაში, 1 კი – შიდა ქართლში.
მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი. დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო.
დეპარტამენტის განცხადებით, ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0