კობახიძე: მატარებლით ბათუმამდე მგზავრობის 4 საათამდე შემცირება ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია

© photo: Sputnik / Stringerთბილისი-ბათუმის-მატარებელი
თბილისი-ბათუმის-მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე „საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ" თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა - განახლებული გრაფიკით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა იმგზავრეს.
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით.

დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი, რომელიც ახლა 4 საათამდე შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე ტურისტებისთვის", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

განახლებული გრაფიკის ფარგლებში თბილისი-ბათუმის მიმართულებას დაემატა ახალი რეისებიც.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს რკინიგზის" მასშტაბური სამწლიანი განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ახალი ვაგონის შეძენას, ასევე თანამედროვე სარკინიგზო სისტემების დანერგვას, რაც გააუმჯობესებს ოპერატიულ პროცესებს და გააორმაგებს რკინიგზის გამტარუნარიანობას.
„საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნულ მონაკვეთზე ლიანდაგის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა. ამასთან, სარკინიგზო ხაზის გასწვრივ წინასწარ იდენტიფიცირებულ ადგილებში დამონტაჟდა დამცავი ღობეები. ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც.
მატარებლის სიჩქარის გაზრდასთან ერთად, გურიის მონაკვეთზე 25 სარკინიგზო გადასასვლელზე დამონტაჟდა 50 ვიდეომონიტორინგის კამერა. ცოცხალი ვიდეო ნაკადი ტაბლეტების საშუალებით პირდაპირ მემანქანეებს გადაეცემათ.
უკვე დასრულებულია ურეკის, ხაშურის, ზესტაფონის სადგურების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაო მიმდინარეობს ქობულეთის, ფოთისა და სამტრედიის სადგურებში. ასევე მიმდინარეობს ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება.
გარდა ამისა, დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. უწყების ცნობით, მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს.
„საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას Stadler Kiss-ის მოდელის ოთხი ერთეული შემადგენლობით ახორციელებს.
აღნიშნული მატარებლები კომპანიამ 2016 წელს შეიძინა და მათი მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრ საათს შეადგენს, თუმცა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია და ისიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე.
სიჩქარის გაზრდის პროექტი ითვალისწინებს როგორც ხაშური-სურამი-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი ხაზით უღელტეხილის მონაკვეთის უფრო მოკლე დროში გავლას, ასევე გურიის რეგიონში უსაფრთხოების ზომების ზრდას, რაც მატარებლის გადაადგილების სიჩქარის მატებას ხდის შესაძლებელს.
ყველა ახალი ამბავი
0