ინციდენტი რუსთაველის გამზირზე: GWP-ის კონტრაქტორი კომპანიის სატვირთო გადაბრუნდა

© press-service of Georgian Water and PowerGWP-ის თანამშრომელი
GWP-ის თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე GWP-ი 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მოძველებული ქსელების განახლების სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სატვირთო ავტომანქანამ ტრანშეის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და მძიმე ტექნიკის მოცურება გამოიწვია, ნათქვამია რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში GWP-ის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშეის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია.
„მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
GWP-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.
„ჯივიპის“ შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებში „ჯორჯიან უოთერ ფაუერი" ივლისის ბოლოს ჩაერთო. GWP აღნიშნულ პროექტში 12,5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიწისქვეშა ქსელი. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი.
სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0