რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასო გახდა

© photo: Sputnik / Stringerპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მიმდებარე ქუჩებზე პარკირებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის დროებით უფასო იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სიმცირის გამო 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

„რუსთაველის გამზირზე წარმოებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა სამუშაოების პერიოდში უფასოა“, - განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით გათიშულია მთაწმინდის 28 ქუჩაზე.
პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
გარდა ამისა, რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან.
„რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები გათავისუფლებული იქნებიან საიჯარო გადასახადისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია რუსთაველის გამზირის N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე“, - აღნიშნა მერმა.
სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0