თბილისის შემოვლითი გზა: საქართველო-ADB-ის შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

© FB/Минрегионразвития Грузии თბილისის შემოვლითი გზა
თბილისის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის დაახლოებით 18,9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 250 დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა მოაწერეს ხელი, თანხა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობას მოხმარდება.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის დაახლოებით 18,9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.
„გამოყოფილი დაფინანსება კონკრეტულად მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი)", - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიზნად ისახავს დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას, სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.
თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი მთავრობამ 2016 წელს დააანონსა. ინიციატივა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს — ნატახტარი-ჟინვალისა და ნატახტარი-რუსთავის მონაკვეთების მშენებლობას. მთლიანობაში პროექტი ხუთ ლოტად არის დაყოფილი: პირველი ლოტი ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთს მოიცავს, ხოლო დანარჩენი ოთხი — დაახლოებით 51-კილომეტრიან ნატახტარი-რუსთავის გზას, რომელიც თბილისის ახალ შემოვლით მარშრუტს შექმნის.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი მიზნობრივად ფარავს ბოლო ორ ლოტს, დანარჩენ ლოტებზე კი ტენდერები ცალკე ეტაპებად არის გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მაგისტრალის სიგრძე 27 კილომეტრი იქნება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მიხედვით, ახალი გზა გაივლის წიწამურის, საგურამოს, ჭოპორტის, წითელსოფლის, არაგვისპირის, ბულაჩაურის, ქუბრიანთკარისა და ჟინვალის ტერიტორიებს.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია 16 ხიდის მშენებლობა, მათ შორის, ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომაგისტრალზე მოძრაობის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე ძირითად მონაკვეთებზე 120 კმ/სთ იქნება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე — 100 კმ/სთ.
მთავრობის გეგმით, ნატახტარი-ჟინვალის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დაიწყება, ხოლო მისი სრულად ექსპლუატაციაში შესვლა 2031 წლისთვისაა დაგეგმილი.
საქართველოს დედაქალაქში შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელი გახდა ქალაქში სატვირთო მანქანების მოძრაობის განტვირთვისა და მზარდი ტრაფიკის ფონზე საცობების შემცირების მიზნით.
თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის საკვანძო ნაწილს, მისი მშენებლობა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ინიციატივაა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში. პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას.
ყველა ახალი ამბავი
0