პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც „ჯივინოსტატს“ შეიძენს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2026
გამოწერა
კობახიძის განცხადებით, პარალელურად გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს, საქართველო მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ივლისის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ (Italfarmaco) მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
„მაღალი ფასის გამო ამ მედიკამენტს არ ყიდულობს მრავალი ისეთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, თუმცა საქართველო არის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. სწორედ ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან. სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულებაა ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. პარალელურად, გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. ახლაც გრძელდება აქტიურად მუშაობა მეორე მედიკამენტის შესაძენად და იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება წარმატებით ეს პროცესიც. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ამ პროცესის აქტიურად წარმართვისთვის და წარმატებით დასრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
კომპანია „იტალფარმაკოს“ ინფორმაციით, პრეპარატ „ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
ყველა ახალი ამბავი
0