ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
კომისიამ მაღალი შეფასება მისცა ქუთაისის სწრაფვას მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ქუთაისმა 2027 წლის „ევროპის სპორტის ქალაქის“ (European City of Sport 2027) ტიტული ოფიციალურად მოიპოვა, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა.
ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა აღნიშნული სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით.
ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს, რაც ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.
,,ქუთაისმა 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ჩვენმა ქალაქმა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას!", - განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.
მისი თქმით, სტატუსი ხელს შეუწყობს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოზიდვას (მაგალითად, ქალაქში უკვე მიმდინარეობს ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ამერიკულ კომპანია Gensler-თან ერთად).
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2027 წლის განმავლობაში ქალაქში იგეგმება უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ტურნირი თუ აქტივობა, მათ შორის საქართველო 2027 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს სუმოში, სადაც ქუთაისელ სპორტსმენებს დიდი როლი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0