ოდისევსი, პენელოპა და ქართული ოპოზიცია: სააკაშვილის „ფილოსოფიური ტრაქტატი“

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარი თავი ოდისევსის როლში წარმოაჩინა, რომელსაც სამშობლოში, ანუ ხელისუფლებაში დაბრუნებაში უშლიან ხელს
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი ოდისევსს შეადარა, რომელიც 20-წლიანი ხეტიალის შემდეგ ბრუნდება, ხოლო ქართველი ოპოზიციონერები – პენელოპეს საქმროებს, რომლებიც, მისი აზრით, ხელისუფლების სათავეში მის დაბრუნებას ხელს უშლიან.
სააკაშვილის თქმით, ბოლო სასამართლო სხდომაზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციამ მას ძველბერძნული ეპოსის სიუჟეტი გაახსენა. მაშინ ექს-პრეზიდენტმა თავისი სიტუაცია ნელსონ მანდელას ბედს შეადარა და განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელი ლიდერის მსგავსად, მასაც შეუძლია ციხიდან გამოსვლა და ხელისუფლებაში დაბრუნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ მისი ბოლოდროინდელი განცხადება პოზიტიურად მიიღო, მაშინ როცა ოპოზიციის წარმომადგენლები, მისი აზრით, საკუთარ პოლიტიკურ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის მისთვის გადაბრალებას ცდილობენ
„ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლახანს უყურა „ოდისეას“ ახალ ეკრანიზაციას და მასში ღრმა ფილოსოფიური აზრი დაინახა. მისი ინტერპრეტაციით, ოდისევსი ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ფარულად ბრუნდება სახლში და „აქ ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპას „დათრევას“. ისინი მის გამოჩენას არ ელოდნენ და მის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
დასასრულს, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემზადება „დიდი ცვლილებებისთვის“, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ელოდება.
„ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს", - დაწერა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს შეფარდებული: პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემა, „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საზღვრის უკანონო კვეთა.
2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებული საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
2025 წლის ნოემბერში სააკაშვილს წაუყენეს ახალი ბრალდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების".
პროკურატურის ცნობით, „კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
ყველა ახალი ამბავი
0