პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი პერსპექტივები აქვს

© Sputnik / Levan Avlabreliანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი დაინტერესებით სარგებლობს ცენტრალური აზიის, მეზობელი ქვეყნების, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მხრიდან - შესაბამისად, მას დიდი პერსპექტივები აქვს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ
პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.
„ძალიან დიდი ინტერესია ამ პორტის მიმართ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ასევე, არის ევროპული კომპანიები. შესაბამისად, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ პორტს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა 2029 წლისთვის დაასრულოს პირველი ფაზის სამუშაოები და მიიღოს პირველი გემები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
„ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტის გადახედვის გამო გარკვეული შეფერხება იყო, თუმცა შედეგად, მისი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარით შემცირდა.
„ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის ეს პორტი უკვე პირველ გემებს მიიღებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
„ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0