ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026: პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს გამოცდების ცენტრმა ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ამით ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
უწყების ცნობით, გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა 22 ივლისს ფიზიკაში ჩააბარეს. 45 ათასზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0