„საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“: ექსპერტები საგარეო პოლიტიკის რეალიებზე

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მრავალვექტორული კურსი, სატრანზიტო პოტენციალი და დასავლეთის მხრიდან ზეწოლა - ამ აქტუალური თემების განსახილველად თბილისში გამართულ მრგვალ მაგიდასთან პოლიტოლოგები, ექსპერტები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ
ღონისძიებას გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი უძღვებოდა.
ევროატლანტიკური მოლოდინების კრიზისი: საქართველო „დასავლურ კურსს“ თავიდან იაზრებს
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ ჩიბურდანიძის აზრით, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი გაცივება, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში წარმოშობილი მოლოდინების ღრმა კრიზისის ბუნებრივი შედეგია.

თამარ ჩიბურდანიძე. მრგვალი მაგიდა: „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“
© photo: Sputnik / Stringer
მისი თქმით, საქართველოს მიერ თავდაპირველად პროდასავლური ვექტორის არჩევა იძულებითი ალტერნატივა იყო, გეოპოლიტიკური გზების დეფიციტისა და შიდა კონფლიქტების პირობებში. თუმცა, თანამედროვე ევროპული ღირებულებების ტრანსფორმაციამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ იმედგაცრუება და გარედან თავსმოხვეული პოლიტიკის გატარების სურვილის დაკარგვა გამოიწვია.
„მოლოდინი ისეთი იყო, რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობას, უკეთეს მომავალს მიიღებდა. დღევანდელი დასავლეთი იმ მოლოდინების იმედგაცრუებაა, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მქონდა. მეც მინდოდა, რომ საქართველო დასავლური ღირებულებების ქვეყანა ყოფილიყო. მაგრამ არა მხოლოდ დასავლური ღირებულებების, ვინაიდან დასავლური ღირებულებები 30 წლის წინ სხვა იყო, დღეს კი სრულიად განსხვავებულია. მე არ მინდოდა სხვა ქვეყნის მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა“, — განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ჩიბურდანიძის თქმით, ბოლო ოთხი წელი საქართველოსთვის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისკენ გადასვლის ეტაპი გახდა, რომელიც მრავალპოლარული სამყაროს პირობებში ტრადიციული ღირებულებებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზეა ორიენტირებული. მიუხედავად საგარეო ზეწოლისა და დესტაბილიზაციის საფრთხისა, თბილისი დასავლეთთან პრინციპულად ახალ, ზომიერ ურთიერთობებს აყალიბებს.
„დღეს საქართველოსა და დასავლეთს შორის სწორედ ისეთი ზომიერი და პრინციპული დამოკიდებულება და ურთიერთობაა, როგორიც საქართველოს აქამდეც უნდა ჰქონოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი მიიღებს იმ რეალობას, რომელიც დღეს არსებობს. მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. და ამ ახალ გეოპოლიტიკაში საქართველო თავის ადგილს ეძებს და იმკვიდრებს, სადაც მისი სახელმწიფოებრიობა გამოვლინდება“, — განაცხადა ჩიბურდანიძემ.
მისი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ 15 წლის წინ გაცხადებული მრავალვექტორული და მშვიდობიანი პოლიტიკა, დღეს საქართველოს მთავარ სტრატეგიად იქცა.

მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“
© photo: Sputnik / Stringer
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, ეს კურსი, გლობალური ცვლილებების პირობებში, ქვეყანას ეფექტიანად იცავს და მის გრძელვადიან სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენულ მომავალს უზრუნველყოფს.
წარსულის ილუზიები და „ცივი ომის“ მემკვიდრეობა
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ კიკნაძის აზრით, 1990-იანი წლების ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა, რეგიონში ადამიანების შეხედულებები მნიშვნელოვნად შეცვალა და განსაზღვრა, თუ რომელი გზით წავიდოდნენ ისინი მომავალში.

თამარ კიკნაველიძე
© photo: Sputnik / Stringer
კიკნაძის თქმით, საბჭოთა კავშირი დასავლეთთან მასშტაბურ ჰიბრიდულ ომში, ფაქტობრივად, დამარცხდა, რის შედეგადაც პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში „დასავლური სამოთხის“ შესახებ მყარი მითი ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ბოლო 35 წლის განმავლობაში, მთელი თაობები მკაცრად ერთპოლარული ღირებულებითი სისტემით იზრდებოდნენ, სადაც დასავლური მოდელი ერთადერთ სწორ გზად იყო წარმოჩენილი, ხოლო განვითარების ალტერნატიული გზები სრულად იგნორირებული.
„უკვე 35 წელია, თაობებს ასწავლიან, რომ დასავლეთი კარგია, ხოლო დანარჩენი მსოფლიო — ცუდი“, — განაცხადა კიკნაძემ.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვის ყურადღება მთლიანად შიდა რყევებზე იყო გადატანილი. ამ გეოპოლიტიკური ვაკუუმით, დასავლურმა ინსტიტუტებმა მყისიერად ისარგებლეს. თბილისში ჩამოყალიბდა და ხელისუფლებაში აღმოჩნდა ლოიალური ელიტა, რომელიც მხოლოდ საგარეო დირექტივების შესრულებაზე და ეროვნული პრიორიტეტების საზიანოდ, უცხო ინტერესების მომსახურებაზე იყო ორიენტირებული.

მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა"
© photo: Sputnik / Stringer
კიკნაძის აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კურსი სხვისი ნების ბრმა შემსრულებლის როლიდან გამოსვლის მცდელობაა. პოლიტოლოგის თქმით, ქვეყანა საბოლოოდ იძენს ნამდვილ დამოუკიდებლობას, მრავალპოლარულ სამყაროში პროგრესისკენ ისტორიული სწრაფვისა და საკუთარი სახელმწიფო ინტერესების მტკიცე დაცვის შერწყმით.
მსხვილი მოთამაშეების კულუარული გარიგება
პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი და რუსეთი დღესაც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. მისი თქმით, გლობალურ პოლიტიკაში მცირე სახელმწიფოები ხშირად ბავშვის როლში აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლის ნაცვლადაც ყველაფერს „დიდები“, ანუ წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოები, წყვეტენ. და ეს “დიდები” თავიანთ პოზიციებს ერთმანეთთან წინასწარ ათანხმებენ.
„დემოკრატიის ის მოდელი, რომლითაც ჩვენთან თამაშობენ, სწორედ ასეთი შეთანხმებული მოდელია“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, ისტორიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ევროპული პოლიტიკა ყოველთვის ძალის პოზიციას ეყრდნობოდა და მის მიერ დეკლარირებული ღირებულებებმა შეცდომაში არ უნდა გვიყვანოს. ამასთან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც ევროპული სტანდარტებისკენ მოგვიწოდებს, პირადად არასოდეს უცხოვრია ნამდვილი დემოკრატიის პირობებში.

რამაზ საყვარელიძე
© photo: Sputnik / Stringer
დისკუსიის დროს საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ რეალობის საღი აღქმა უნდა დაიბრუნოს და გააცნობიეროს: ბრიუსელსა და ვაშინგტონს თბილისში მხოლოდ მათ კონტროლქვეშ მყოფი, უცხო ინტერესების შესაბამისად მოქმედი ხელისუფლება სჭირდება.
მისი აზრით, თავის დროზე, დასავლეთმა უხეში სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ღიად მოსთხოვა, ადგილი ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დაეთმო, რომლის ადმინისტრაციაც საგარეო კურატორებს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გაცილებით მეტად აწყობდათ.
„დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა ამ ხელისუფლებას უთხრა: „თქვენ წადით, მიშა კი მოიყვანეთ“. მანამდე ამ ხელისუფლების ლიდერებს ანტიევროპული განწყობა არ ჰქონდათ. მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ ევროპას მათი დამხობა სურდა, რადგან დასავლეთს თავისი მიზნების მისაღწევად სააკაშვილის მთავრობა უფრო აწყობდა“, — განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ განმარტა, თავდაპირველად საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებს ანტიევროპული განწყობა არ ჰქონდათ. თუმცა, როდესაც ხელისუფლებიდან იძულებით ჩამოშორებისა და ძველი რეჟიმის დაბრუნების პირდაპირი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ქვეყნის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, საკუთარი კურსი გადაეხედა.

მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა“
© photo: Sputnik / Stringer
მისი თქმით, თბილისის ამჟამინდელი პოლიტიკური ნაბიჯები არც აგრესიული შეტევაა და არც პარტნიორებთან ურთიერთობის შეგნებული გაწყვეტა. არამედ იძულებითი თავდაცვითი პოლიტიკაა, რომელიც ელემენტარულ თვითგადარჩენასა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.
ხელისუფლებას ახალგაზრდებთან ღირებულებებზე დიალოგი სჭირდება
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ჟურნალისტ სულხან მელაძის აზრით, გლობალური რყევების ეპოქაში, მრავალვექტორული პოლიტიკის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ხარისხიან საინფორმაციო უზრუნველყოფაზე.

სულხან მელაძე
© photo: Sputnik / Stringer
მელაძის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს სწორად პოზიციონირებისთვის აუცილებელია, შეიქმნას ღია სადისკუსიო სივრცე და ახალ თაობას განემარტოს 1990-იანი წლების ისტორიული კონტექსტი, ქრისტიანული ღირებულებების არსი და მსხვილი სახელმწიფოების რეალური ინტერესები.
„ეს მრავალვექტორული ხედვა სრულიად სწორია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი ძირეული ცვლილებები, მათ შორის, საინფორმაციო უზრუნველყოფასაც მოითხოვს. ჩვენ ახალგაზრდა თაობას უნდა ავუხსნათ, როგორი იყო 1990-იანი წლების მსოფლიო. როგორი იყო მაშინდელი დასავლეთი და საერთოდ ეს დასავლური ღირებულებები. ჩემთვის არსებობს ქრისტიანული ღირებულებები“, — განაცხადა მელაძემ.
მისი თქმით, დიდი ხარვეზი და შეცდომაა ის, რომ ათწლეულების განმავლობაში სადისკუსიო სივრცე არ შექმნილა.

მრგვალი მაგიდა „საქართველო და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა"
© photo: Sputnik / Stringer
„ჩვენ არ ვუხსნით, განსაკუთრებით მომავალ თაობას, რა პროცესები გავიარეთ, სად ვიმყოფებით და რა ინტერესები არსებობს დღეს — იქნება ეს დასავლეთის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის თუ სამხრეთის მხრიდან. რადგან ხელისუფლების სწორად პოზიციონირებისთვის (როგორიც არ უნდა იყოს ის და რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში) საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია“, — განაცხადა მელაძემ.
„თამაში წესების მიხედვით“
პოლიტოლოგის, SIKHA Foundation-ის დამფუძნებლის, არჩილ სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს მხრიდან სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მცდელობა, გარდაუვალად დააპირისპირებს თბილისის ინტერესებს ბრიუსელის მოთხოვნებთან. და ქვეყანას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს საკუთარ ეკონომიკურ სარგებელსა და დასავლეთთან უპირობო სოლიდარობას შორის.

არჩილ სიხარულიძე
© photo: Sputnik / Stringer
„ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მცდელობა, დივერსიფიკაცია მოახდინოს, აპრიორი აღქმული იქნება, როგორც უკვე არსებული მოდელისგან დაშორების მცდელობა. კერძოდ, აუცილებლად დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ მხარს არ ვუჭერთ ბრიუსელისა და მთლიანად დასავლეთის მისწრაფებას, ჩვენს რეგიონში დომინანტური პოზიცია დაიკავოს. ბრიუსელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ საქართველოს გავლით, ცენტრალურ აზიამდე სატრანზიტო დერეფანი არსებობდეს. არამედ ისაა, რომ ტრანზიტი ბრიუსელისთვის მისაღები პირობებით განხორციელდეს“, — განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო ბრიუსელის მოთხოვნებს ბრმად დაემორჩილოს, თუ სანაცვლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან ეკონომიკურ სარგებელს არ მიიღებს.
„ასეა თუ ისე, ან მოგვიწევს შეთანხმების მიღწევა, ან მოვისმენთ კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიას შორდება და ევროპისადმი სოლიდარობის ნაცვლად, ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანსა და რუსეთს პოზიციების გაძლიერებაში ეხმარება“, — დაასკვნა მან.
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა აზრით, ასეთი საექსპერტო შეხვედრები ძალიან სასარგებლოა, მაშინაც კი, როდესაც მოსაზრებები განსხვავებულია. მათი შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში, საბოლოოდ, კრიტიკული დიალოგისა და აზრთა გაცვლის კულტურა განვითარდეს.