თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა

© courtesy of Georgian Railwayთბილისი-ბათუმის მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
განახლებული გრაფიკის ფარგლებში დამატებულია ახალი რეისებიც
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით თბილისი–ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 1,30 საათით შემცირდა და 4 საათი გახდა.
განახლებული გრაფიკის ფარგლებში დამატებულია ახალი რეისებიც, რაც მგზავრებს გადაადგილების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და მოქნილ არჩევანს სთავაზობს.
ახალი განრიგი თბილისიდან ბათუმამდე:
00:30 - 04:37
06:30 - 10:31
08:05 - 12:06
10:15 - 14:16
17:10 - 21:11.
ბათუმიდან თბილისამდე:
00:35 - 04:39
08:00 - 11:58
14:10 - 18:11
16:50 - 20:48
18:30 - 22:28.
მატარებლის სიჩქარის გაზრდასთან ერთად, გურიის მონაკვეთზე 25 სარკინიგზო გადასასვლელზე დამონტაჟდა 50 ვიდეომონიტორინგის კამერა. ცოცხალი ვიდეო ნაკადი ტაბლეტების საშუალებით პირდაპირ მემანქანეებს გადაეცემათ.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა რთულ რელიეფურ მონაკვეთებს, მათ შორის ხაშური-სურამი-ხარაგაული-ზესტაფონის მიმართულებას. ასევე იგეგმება ლიანდაგების გასწვრივ დამცავი ღობეების მოწყობა.
„საქართველოს რკინიგზა" თბილისი-ბათუმის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანას Stadler Kiss-ის მოდელის ოთხი ერთეული შემადგენლობით ახორციელებს.
აღნიშნული მატარებლები კომპანიამ 2016 წელს შეიძინა და მათი მაქსიმალური სიჩქარე 160 კილომეტრ საათს შეადგენს, თუმცა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია და ისიც მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე.
სიჩქარის გაზრდის პროექტი ითვალისწინებს როგორც ხაშური-სურამი-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი ხაზით უღელტეხილის მონაკვეთის უფრო მოკლე დროში გავლას, ასევე გურიის რეგიონში უსაფრთხოების ზომების ზრდას, რაც მატარებლის გადაადგილების სიჩქარის მატებას ხდის შესაძლებელს.
ყველა ახალი ამბავი
0