უსაფრთხოების ზომები კურორტზე: გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსეს

© Roads Department of Georgiaგომისმთა
გომისმთა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2026
გამოწერა
ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველი ტექნიკა, აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველი ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.
გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულია. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი, სტატისტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობაა.
ტყის ხანძრები
ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები - „დაიცავი ტყეში ქცევის წესები". QR-კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.
ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან -თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0