სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 11 წლისაა

© State Security Service Of Georgiaსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
უსაფრთხოების სამსახური შედგება 19 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. განსაკუთრებული პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური, დაუღალავი შრომით ემსახურებოდე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ უწყების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1-ელ აგვისტოს დაარსდა – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.
გელაძემ სამსახურის პირად შემადგენლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური, დაუღალავი შრომით ემსახურებოდე იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია. ამ უწყებას კი ნამდვილად ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა გელაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე ოდესმე და ტრადიციული გამოწვევების გარდა მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საინფორმაციო ომთან, კიბერშეტევებსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც საზოგადოების დაყოფა და სახელმწიფოს დასუსტებაა.
„ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან საქმიანობას, რადგან ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური წესრიგის, შიდა სტაბილურობისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები.
„ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ყველა ამ მიღწევაში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა როლი, რომელთა სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სამუშაო პირობები, გავზარდეთ ანაზღაურება და განვამტკიცეთ სოციალური დაცვის გარანტიები სამსახურში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს უსაფრთხოების გარემო გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფოებს ერთდროულად უწევთ გამკლავება ტერორიზმთან, ჯაშუშობასთან, კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციასთან, ეკონომიკურ ზეწოლასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან.
„ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური და ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგას ქვეყნის მშვიდობა და მოქალაქეთა დაცულობა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან იმ უხილავ ფრონტზე, სადაც წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რომ საფრთხე საზოგადოებამდე ვერ აღწევს და კრიზისი არ ვითარდებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში უწყების თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებების სისტემას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს უშიშროებას უზრუნველყოფს.
სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხოური სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების არასამართლებრივი მოქმედებებისგან; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბრძოლა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან და საერთაშორისო დანაშაულთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროებას; კორუფციის შესახებ გამაფრთხილებელი, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ზომების მიღება.
უსაფრთხოების სამსახური შედგება 19 სტრუქტურული ერთეულისგან, რომელთა შორისაა კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სამსახური, გენინსპექცია, კონტრდაზვერვა.
ყველა ახალი ამბავი
0