როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - ივნისის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
2026 წლის ივნისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით და ენერგეტიკის სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
რა გაიზარდა და რამდენით
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი გაიზარდა 20,4%-ით, ხოლო იმპორტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში 7 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 13,7%-ით მეტია 2025 წლის ივნისთან შედარებით.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და 16,7 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთის და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა, ძირითადად ჩინეთში, თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებში.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, თუმცა პარალელურად საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
სამშენებლო სექტორში ზრდა განპირობებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და ნაგებობების მშენებლობით. გაიზარდა საპროექტო სამუშაოების მოცულობა.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სექტორში გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0