მერია: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი ხის მოჭრა არ იგეგმება

© Городская служба охраны окружающей среды мэрии Тбилисиრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის.
თბილისი, 1-ელი აგვისტო - Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება - ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი, ნათქვამია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა რუსთაველის გამზირზე მასობრივად იჭრება ხეები.
„ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა“, - განმარტა მერიის საქალაქო სამსახურმა.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ამავე მიზნით, დაგეგმილია კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება. უფრო მეტიც, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ვადების სიმცირის გამო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0