„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა

© Сourtesy of Georgian Government„ჯარის ბანაკი"
„ჯარის ბანაკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჯარის ბანაკი 2026“ სკოლის IX-XI კლასელებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში 22 ივნისს გაიხსნა. საჩხერის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაშიც. თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით სულ 8 ნაკადს (როტაციას) მასპინძლობს.
როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებს როტაციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაციაში მოსწავლეები ზესტაფონიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან, ქობულეთიდან და თბილისიდან იყვნენ წარმოდგენილი.
ერთი კვირის განმავლობაში მოზარდებმა შეისწავლეს საცეცხლე, სამთო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება, ასევე სამხედრო ნავიგაცია, ტოპოგრაფია და საფრენი აპარატების მართვა. ისინი სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ.
პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად - სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია, ნავიგაცია და მრავალი სხვა.
„ჯარის ბანაკი"
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველად 2023 წელს განხორციელდა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 1,7 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
პროექტის დაარსებიდან (2023 წლიდან) დღემდე კი „ჯარის ბანაკმა“ ჯამში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
ყველა ახალი ამბავი
0