უფასო კურსები დასაქმების შანსების გასაზრდელად: დასაქმების სააგენტოს ახალი პროგრამა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა მამაკაცი
ახალგაზრდა მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
პროგრამაში ჩასართავად განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უფასო ონლაინ-კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
უწყების ცნობით, პროგრამა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, გაიუმჯობესოს უნარები ციფრული, ენობრივი, პერსონალური და სამეწარმეო კუთხით.
სწავლების პროცესს ორი წამყვანი კოლეჯი „სქილლვილი" და „საქართველოს ბიზნეს-აკადემია" უზრუნველყოფს - სწავლება სრულად დისტანციურია და ფინანსდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
„ონლაინ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის პროფესიული სწავლება გახდეს ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
კურსები მოიცავს 4 მიმართულებას:
1.
ციფრული კომპეტენცია ( სწავლების ხანგრძლივობა 1 თვე). კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების შესწავლა, Google-ის სისტემის ეფექტური გამოყენება, ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული უსაფრთხოების საფუძვლები.
2.
მულტილინგვური კომპეტენცია (ინგლისური ან გერმანული ენა – A1–A2, სწავლის ხანგრძლივობა 3 თვე). კურსი მოიცავს ინგლისური ან გერმანული ენის საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
3.
პერსონალური და სოციალური კომპეტენცია (სწავლების ხანგრძლივობა 5 დღე). კურსის ფარგლებში შეისწავლება პრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.
4.
სამეწარმეო კომპეტენცია (სწავლის ხანგძლივობა 1 თვე). კურსი მოიცავს ბიზნეს იდეის განვითარების, ფინანსური გადაწყვეტილებების, რესურსების მართვის საფუძვლების შესწავლას, მოლაპარაკებისა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.
პროგრამაში ჩასართავად განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის. უწყების ცნობით, პირველადი რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურ ჩარიცხვას, საჭიროა მეორე ეტაპზე სააგენტოს სერვისცენტრში ვიზიტი და კონსულტაცია.
წელს კურსების გავლას ფიზიკურ ფორმატში ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულებიც შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0