ჭიათურაში მუზეუმ-მაღაროს ააშენებენ

© Courtesy of Roads Department of Georgiaჭიათურა
ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კონცეფციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში, წერეთლის სახელობის ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე ინოვაციური მულტიფუნქციური მუზეუმ-მაღაროს მშენებლობის პროექტირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჭიათურაში 1960-იანი წლებიდან უმოქმედო მაღაროს ნაცვლად უნდა მოეწყოს თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც რეგიონში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების ახალი ცენტრი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონცეფციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული მიწისქვეშა გვირაბების უსაფრთხო ადაპტაციას, სადაც ვიზიტორებისთვის მადნის მოპოვების პროცესის რეალისტური იმიტაცია და ინტერაქტიული სამუზეუმო მარშრუტი მოეწყობა.
„პროექტი უნდა მოიცავდეს მიწისზედა საგამოფენო და მისაღებ სივრცეებს, საინფორმაციო ცენტრს, კვების ობიექტს და სუვენირების მაღაზიას, ვიზიტორთა ეკიპირების ზონას, ასევე, დაახლოებით 100 მაყურებელზე გათვლილ საგანმანათლებლო ამფითეატრს და სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მუზეუმში ინტეგრირებული უნდა იყოს თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები, მათ შორის ჰოლოგრამები, 3D ვიზუალიზაცია, რაც ვიზიტორებს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გაცნობის სრულად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოეფექტურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.
„ისტორიული მაღაროს მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას, რეგიონში ტურისტული და საგანმანათლებლო პოტენციალის გაძლიერებას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურა – უნიკალური ინდუსტრიული ქალაქია საქართველოში, რომელიც მდინარე ყვირილას ღრმა ხეობაში მდებარეობს და XIX საუკუნეში დაარსდა, როგორც მანგანუმის მოპოვების უმსხვილესი ცენტრი. ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი მისი უნიკალური საბაგირო გზების ქსელია, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა მაღაროელების მაღალ კლდეებზე გადასაყვანად.
ჭიათურაში მანგანუმის საბადოების აღმოჩენა ისტორიულად უკავშირდება დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის სახელს, რომელიც XIX საუკუნეში აქტიურად მონაწილეობდა მდინარე ყვირილას ხეობის კვლევასა და მისი სიმდიდრისადმი ყურადღების მიპყრობაში.
ყველა ახალი ამბავი
0