ყაველაშვილი: რობერტ სტურუას შემოქმედება ქართული თეატრის საგანძური და განუყოფელი ნაწილია

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშირობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
რობერტ სტურუას სახელი ქართული თეატრის ისტორიაში შეუდარებელია. მისი სპექტაკლები მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ოქროს ფონდში საპატიო ადგილს იკავებს.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. რობერტ სტურუას შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის წერილში.
დღეს ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას 88 წელი შეუსრულდა.
„ბატონ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ვულოცავ! მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს და მაყურებელთა არაერთ თაობას თეატრალური ხელოვნების ახლებური, სიღრმისეული აღქმა ასწავლა. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, – ნათქვამია ყაველაშვილის მილოცვის წერილში.
რობერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, 1962 წლიდან მისი პროფესიული ცხოვრება რუსთაველის თეატრს დაუკავშირდა. 1979 წლიდან ის თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი - სამხატვრო ხელმძღვანელი. სწორედ მისი შემოქმედებითი ხედვით შეიქმნა არაერთი სპექტაკლი, რომლებმაც ქართული თეატრის ისტორია დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
რეჟისორის მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს და მრავალ საერთაშორისო ჯილდოს ითვლის, მათ შორისაა ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია, ინგლისური კრიტიკის პრემია, არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, ფესტივალ „ბალტიური სახლის" მთავარი პრემია და ა.შ.
სტურუას ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი — ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულშია შესული, ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში“ დადგმული „ჰამლეტი“ კი შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. მის ყველაზე ცნობილ დადგმებს შორისაა: „სეილემის პროცესი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“, „ყვარყვარე“, „რიჩარდ მესამე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „ლამარა“ და ,,ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც სულ ცოტახნის წინ შედგა.
რეჟისორი სპექტაკლებს ასევე დგამს უცხოეთის ქვეყნების ცნობილ თეატრებში, სხვადასხვა ქალაქში: საარბრიუკენი, დიუსელდორფი, ათენი, მოსკოვი, ბუენოს-აირესი, თელ-ავივი, ლონდონი, სტამბული, ჰელსინკი, სამარა, ვაიმარი, რომი, კიევი, ანკარა, იერუსალიმი.
ყველა ახალი ამბავი
0