ახალი თაღლითური სქემა საქართველოში: სამიზნე სამუშაოს მაძიებლებია
გამოწერა
სქემა წარმოადგენს კლასიკურ ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანიც სამუშაოსა და დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანების ნდობის მოპოვება და მათი მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობაა, აღნიშნავენ საქართველოს საბანკო ასოციაციაციაში.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში კიდევ ერთი პირამიდული თაღლითური სქემა გავრცელდა, რომელიც PCDAI-ის სახელით მოქმედებს და მოსახლეობას სოციალური მედიის საშუალებით სამსახურის ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული სქემა წარმოადგენს კლასიკურ ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანია სამუშაოსა და დამატებითი შემოსავლის მაძიებელი ადამიანების ნდობის მოპოვება და მათი მოწყვლადი მდგომარეობით სარგებლობა.
ასოციაციის განცხადებით, სქემის ფარგლებში მოქალაქეებს PCDAI-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ანგარიშის ე.წ. აქტივაციის მიზნით წინასწარი დეპოზიტის გადახდას სთხოვენ (დაფიქსირდა 180, 875, 2000 და 3000 ლარის მოთხოვნის შემთხვევები).
საწყის ეტაპზე, მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად, სისტემა მათ მცირე გამომუშავებულ თანხას უპრობლემოდ უბრუნებს. ეს მოქალაქეებს უბიძგებს, უფრო დიდი მოცულობის „ინვესტიცია" განახორციელონ.
„მას შემდეგ, რაც დაზარალებულებისგან მნიშვნელოვან თანხებს აგროვებდნენ, პლატფორმა წყვეტდა ფუნქციონირებას და კომპანია აღარ იძებნებოდა. თუმცა, ამით სქემა არ სრულდებოდა - თაღლითები დაზარალებულებს კვლავ უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ პლატფორმას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, ხოლო თანხის დასაბრუნებლად დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იყო საჭირო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მსგავსი სქემები, შესაძლოა, სხვა სახელწოდებითაც გამოჩნდეს. ამიტომაც მოუწოდებენ მოქალაქეებს მოერიდონ ისეთ ვაკანსიებს, რომლებიც სწრაფ გამდიდრებას, მინიმალური შრომით დიდ ანაზღაურებას ან გარანტირებულ დასაქმებას პირდება მათ.
გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:
არასდროს გადაიხადოთ წინასწარ თანხა სამუშაოს შეთავაზებისთვის: რეალური დამსაქმებელი დეპოზიტს კონკრეტულ ვაკანსიაზე წვდომის სანაცვლოდ არასდროს მოგთხოვთ;
პოტენციური დამსაქმებლის გადამოწმება: მოიძიეთ და გადაამოწმეთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, მისი ოფიციალური ვებ-გვერდი და საკონტაქტო ოფიციალური არხები;
დასაქმების სანდო, ცნობილი პორტალებით სარგებლობა: გამოიყენეთ დასაქმების ცნობილი პლატფორმები, სადაც განთავსებულია სხვადასხვა გადამოწმებული განცხადებები;
ცოდნის გაზიარება და გაფრთხილება: თაღლითები ხშირად პოტენციურ მსხვერპლად მოწყვლად ჯგუფებს ირჩევენ, ამიტომ გააფრთხილეთ ირგვლივ მყოფნი აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ და გაუზიარეთ ეს რეკომენდაციები;
გაუფრთხილდით პერსონალურ და პირად ინფორმაციას: არასდროს გააზიაროთ უცნობ სივრცეში და უცნობებთან კონფიდენციალური ინფორმაცია, დაიცავით პირადი მონაცემები, ფინანსური და საბარათე ინფორმაცია.