საქართველოში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღნიშნეს

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2026
გამოწერა
მინისტრმა დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეინჯერები დააჯილდოვა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის 500-ზე მეტ რეინჯერს პროფესიული დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ქვაბისხევში გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„დღეს საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის ფართობის თითქმის 15%-ს მოიცავს. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართ. ჩვენი მიზანია, საქართველოს 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიის ეფექტიანი მართვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და მომავალ თაობებში რეინჯერის, როგორც პროფესიის პოპულარიცაზია. “, – განაცხადა სონღულაშვილმა.
აღნიშნულმა პირებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გმირებს.
რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა. საქართველოში კი რეინჯერთა პროფესიული დღე 2017 წლიდან აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0