თაღლითობა ეროვნული ბანკის სახელით: მარეგულირებელი მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2026
გამოწერა
სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თაღლითები სებ-ის სახელით, WhatsApp-ის და სხვა აპლიკაციების გამოყენებით, მოქალაქეებს უკავშირდებიან და პერსონალურ და საბანკო მონაცემებს სთხოვენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ბანკის ლოგოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს, რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში - ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
მარეგულირებლის ცნობით, ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
ყველა ახალი ამბავი
0