ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ-ი პოლიტიკის ნორმალიზებას ეტაპობრივად დაიწყებს, აღნიშნავს მარეგულირებელი.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, უცვლელად შეინარჩუნა და 8,25%-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ანალიტიკოსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, ინფლაციის სტაბილიზაციისა და ეკონომიკური ზრდის წინასწარი მოლოდინების ფონზე, უკვე 2026 წლის გაზაფხულიდან პროგნოზირებდნენ.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური სიტუაციიდან, მოვლენების განვითარების სცენარებიდან და რისკების შეფასებიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება 8,25%-ის დონეზე“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5,8% შეადგინა. მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდა მეტწილად ენერგორესურსების ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა - ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა.
„კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3,2% შეადგინა. თუმცა მომსახურების ინფლაცია 4,1%-მდე დაჩქარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5,2% იქნება, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან კი ინფლაციის დონე შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად მიუახლოვდება.
გარდა ამისა, როგორც სებ-ი აღნიშნავს, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის მაისში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ ხუთ თვეში საშუალო ზრდამ 7,8% შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მაღალპროდუქტიულ სექტორებს შეაქვთ, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, გლობალურად გაურკვევლობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რომლის ძირითად წყაროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემდგომი განვითარება, ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების დინამიკა და ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადები წარმოადგენს.
შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.
მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მაღალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით გამწვავებას ითვალისწინებს, რაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების დამატებით ზრდას გამოიწვევს. ენერგორესურსების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე აისახება, ხოლო გაზრდილი ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯების გავლით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გავრცელდება.
ამასთან, ბოლო პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობები საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული სურსათის ფასების ზრდის დამატებით რისკს ქმნის. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს.
„გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის შემთხვევაში ენერგორესურსების ფასების დაჩქარებული ტემპით შემცირება დაბალინფლაციური სცენარის განვითარების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ი აქტიურად განაგრძობს დაკვირვებას მიმდინარე მოვლენებსა და მათი ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ინტენსივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ-ი ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.